Loading...

HOMEIS

www.homeis.ge

იდეა, როგორც კოსმოსი და “გადარჩენის არქიტექტურა” – ინტერვიუ ზურაბ საფარელთან

შემოქმედების გზაზე სიარული მარტივი არაა, მაგრამ თუ მან ერთხელ მოგხიბლა და შეგიპყრო, ალბათ თავს ვერც ვერასდროს დააღწევ. სწორედ ასე დაემართა ჩვენს რესპოდენტს, ზურაბ საფარელს, რომლის ურთიერთობა არქიტექტურასთან მოულოდნელად ნანახი ჰოლანდიელი მხატვრის ტილოთი დაიწყო. გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს კომპანია “საფარელის” დამფუძნებელთან.

– გვიამბეთ საკუთარ თავზე. სად მიიღეთ განათლება? რამდენად იცოდით ბავშვობიდანვე, რომ არქიტექტურაში ან პროდუქტის დიზაინის სფეროში დასაქმდებოდით? რამ მოახდინა გავლენა თქვენზე ამ მხრივ?

სკოლას ვამთავრებდი და ერთ დღეს რუსთაველზე მოვხვდი. „მოვხვდი-ს“ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, ნახალოვკელები, მდინარის გამოღმა იშვიათად გადმოვდიოდით. მოკლედ, მაშინ პირველად ქუჩაში მიმავალმა შევნიშნე ვიტრინა, რომელიც საკომისიო მაღაზია აღმოჩნდა. ერთი მახსოვს მკვეთრად, რაღაც ბევრი ფერადი და უცნაური ნივთებით იყო სავსე. მოკლედ, გავბედე და შევედი, სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. მაშინ პირველად ვნახე ნატურაში კლასიკური ნახატები და სხვადასხვა ნივთები. რატომღაც ყურადღება მიიქცია ერთმა ფერწერამ, რომელიც აღმოჩნდა ჰოლანდიელი მხატვრის ტილო. უფრო სწორად, ხეზე დახატული პეიზაჟი, სადაც ქარის წისქვილთან ერთად მწყემსი ბიჭი იყო გამოსახული. სამწუხაროდ, არ მახსოვს საკომისიოს მეპატრონის სახელი, ეს იყო ძალიან საინტერესო მოხუცი ებრაელი კაცი, რომელმაც ბევრი საინტერესო, განსხვავებული და სწორი რჩევა მომცა. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ წარმოდგენა არ მქონდა ხელოვნებაზე და არც მისი პოტენციური კლიენტი ვიყავი, მაგრამ არ დაიზარა და საკმაოდ დაიხარჯა იმისათვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ახალგაზრდა „გადაერჩინა“. მინდა გითხრათ, რომ შედეგიც სახეზეა. მოკლედ, ეს ძალიან დიდი და ცალკე ისტორიაა… მე გეტყვით იმას, რომ ეს მოხუცი და ჰოლანდიური ნახატი გახდა პირველი ნაბიჯი ჩემი ხელოვნებასთან დაახლოვებისა. ეს ნამუშევარი შევიძინე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროინდელი ჟიგულის ფასი ღირდა. მართალია, მის მაგივრად ივანე აივაზოვსკის (Ivan Aivazovsky) ტილოს მთავაზობდა, როდესაც დარწმუნდა, რომ რეალურად მყიდველი ვიყავი, მაგრამ მე მაინც ჩემი სურვილით შევიძინე ის, რაც შევიძინე. საინტერესოა ის, რომ ის აივაზოვსკი დღეს მინიმუმ რამდენიმე მილიონი ღირს, ხოლო ჩემი ჰოლანდიელი მხატვრის ტილო ნახევარი მილიონიდან იწყება (არ დავუჯერე ებრაელ კაცს და წავაგე).

ამავე პერიოდში წავაწყდი და გავიგე, რომ არსებობდა ბუკინისტური მაღაზია. აი, როგორ დაიწყო არქიტექტურასთან პირველი შეხება. ბუკინისტურში წიგნებში ვიქექებოდი, რა თქმა უნდა, რატომ, არ ვიცი, თუმცა, ერთმა წიგნმა ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს იყო Carlo Scarpa-ს არქიტექტურა ფრანგულ ენაზე. ეს წიგნიც ვიყიდე და ძალიან ხშირად ვათვალიერებდი. მაშინ ნამდვილად წარმოდგენა არ მქონდა, საერთოდ არქიტექტურა თუ არსებობდა, როგორც პროფესია და რაიმეს აშენებისთვის ქვის ქვაზე დადების გარდა წინასწარი გააზრება თუ იყო საჭირო. Carlo-ს შესახებ, პირველად რეალურად მილანში, 90-იან წლებში გავიგე. ჩემთვის დღემდე გაუგებარი და საოცარია ის, თუ ეს ფრანგული წიგნი საიდან აღმოჩნდა თბილისის ბუკინისტურ მაღაზიაში, ან ვინ სარგებლობდა ამ წიგნით. ალბათ ვიღაც კაი ტიპი იყო. ესაა და ეს, ასე ვეზიარე ხელოვნებასა და არქიტექტურის საწყისებს. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სკოლა. ხოლო რაც შეეხება სწავლა-განათლებას, დიპლომები არიან სქელ ყდიანი, უსულო და არაფრის მომცემი საგნები.

– მოხდა ისე, რომ დღეს გაქვთ თქვენივე ბრენდი “საფარელი” – რა წინაპირობები უძღოდა მის დაარსებას და საიდან გაჩნდა საერთოდ მისი შექმნის იდეა?

1995 წელს ვცხოვრობდით მოსკოვში. ერთ დღეს ჩემმა ოჯახის წევრმა რემონტის გაკეთება გადაწყვიტა თბილისში. ამ დროს აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ცარიელი იყო საქართველოს ბაზარი. რამდენიმე წლის ჩამოსული ვიყავი დანიიდან (იმ პერიოდში ვიყავი დაკავებული კონცეპტუალური ხელოვნებით, ვაკეთებდი ფერწერას, ქანდაკებას, ვიდეო არტს, ობიექტებს, გამოფენებს), სადაც ჩემმა მეგობარმა მხატვრებმა მაზიარეს ევროპულ შესაძლებლობებს, ხელოვნებიდან დაწყებული, ყოფიერების კულტურით დამთავრებული. რეალურად, დანიამ და ჩემმა მასპინძლებმა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება. წარმოიდგინეთ, საბჭოთა გაუგებრობიდან კოპენჰაგენის, ოდენსის, ჰერნინგის და ა.შ. თანამედროვე ხელოვნების გალერეებში რომ გამოიფინები ფანტასტიკურ ხელოვანებთან ერთად. ანუ, ეს იყო რეალური საფუძველი იმისა, რასაც დღეს ვაკეთებ. ეს არის გაწონასწორებული, მოწესრიგებული, კულტურული სივრცე, სადაც ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად ერგები საკუთარ თავს და გარემოს.

 

 

იმ პერიოდში მოსკოვში იმართებოდა ავეჯის საერთაშორისო გამოფენა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. საქმე იქამდე მივიდა, რომ უბრალოდ მომხმარებლები კი არა, ნარჩევი საუკეთესო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით. სხვათა შორის, ყველაზე დიდი დამსახურება რამდენიმე ბრენდს (B & B ITALIA, MAXALTO, GIORGETTI  და ა.შ) და მათში მოღვაწე რამდენიმე არქიტექტორს ეკუთვნით. Antonio Citterio, Leon Krier, Achille Castiglioni, Ron Arad, Alessandro Mendini, Philippe Starck და ა.შ – მათ შესახებ პირველად დანიაში მივიღე ინფორმაცია, როგორც არქიტექტურისა და პროდუქტის დიზაინერების წამყვან წარმომადგენლებზე. შესაბამისად, გარკვეულად მომზადებული ვიყავი იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გამეკეთებინა. ამის შემდეგ მე და ჩემი ოჯახის წევრები შევთანხმდით ბიზნეს პარტნიორობაზე და დავაარსეთ კომპანია „საბა“, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ავეჯისა და სამშენებლო მასალების თითქმის ძირითადი ევროპული ტოპ ბრენდები. რა თქმა უნდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რამეთუ ქართველი მომხმარებელი ძალიან შორს იყო ისეთი ცნებისგან, როგორიცაა რეიტინგი, ბრენდი, ტოპ ბრენდი, ხარისხი, საერთაშორისო აღიარებები და ა.შ.

როდესად ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობდით, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის წამყვანი დიზაინერების ნამუშევრებს, ქართულ ბაზარზე მხოლოდ თურქული, ირანული, რუსული და გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქცია იყიდებოდა. მრავალი წლისა და დიდი შრომის ფასად, ქართველმა მომხმარებელმა გააცნობიერა ის საინტერესო და უცხო სივრცე, როგორიცაა ევროპული ყოფიერების კულტურა. ჩემი აზრით, დღესაც კი გემოვნების და სწორი ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია. სოციალური ქსელი არ არის უტყუარი ინფორმაციის წყარო, თუმცა, მასზეა ჩამოკიდებული ეგრეთწოდებული “სპეციალისტი” თუ მომხმარებელი. ასეთი ზერელე დამოკიდებულებით, როგორც სპეციალისტი, აგრეთვე მომხმარებელი, მხოლოდ და მხოლოდ, შეცდომაში შედის.  შედეგად რას ვღებულობთ? კარგი სიტყვაა – აჯაფსანდალი. ხშირ შემთვევაში ეძახიან ეკლექტიკას, ლოფტს და ა.შ. უამრავი ტერმინია მოგონებული – ეს ტყუილია. თუმცა, საკმაოდ კომფორტულია დამკვეთისთვის, იმიტომ, რომ ადვილად იგებს, ხოლო შემსრულებლისთვის – იმიტომ, რომ ადვილად ასრულებს.

კომპანია “საბამ” იარსება ოცი წელი, შემდეგ დავიშალეთ და წარმოიქმნა ორი კომპანია, “საფარელი” და “მოტიფი”. საფარელს დღეს წარმოვადგენთ მე და ჩემი მეუღლე, ქალბატონი ირმა ბურდული, ხოლო “მოტიფს” – მაკა თათეშვილი. ფაქტობრივად, დღეს ჩვენი კომპანიები ერთიდაიმავე საქმიანობას ეწევიან, რაც გულისხმობს ქართულ ბაზარზე საუკეთესო პროდუქციის წარდგენას და, საფარელის შემთხვევაში, საუკეთესო არქიტექტურასაც.

 

– თუ ძალიან პირადული კითხვა არ არის, რატომ დაბრუნდით დანიიდან?

სწორი კითხვაა, რატომ დავბრუნდი დანიიდან… ახლა რომ ვუფიქრდები, რა თქმა უნდა, დანიიდან არ უნდა დაბრუნდე, თუმცა, თბილისში ცოლ-შვილი მელოდებოდა, ერთადერთი გამამართლებელი მიზეზი ესაა.

– დეტალურად გვიამბეთ – რა მომსახურებას სთავაზობს საფარელი მომხმარებლებს?

-საფარელი დღეს მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას: კონცეფცია, არქიტექურა, ინტერიერის დიზაინი, მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობა. აგრეთვე, ყველა საჭირო პროდუქტს: სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს, ავეჯს, აქსესუარებს და სხვა.

კომპლექსური მომსახურება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის, რამეთუ დამკვეთისთვის ხარისხის 100% გარანტი ხდები, ხოლო მომხმარებლისთვის ძალიან დიდი კომფორტი, რაც ჯამში გვაძლევს თითქმის იდეალურ შედეგს. საფარელი თვლის, რომ ლიდერია ბაზარზე არა ამბიციით, არამედ შედეგით. მართალია, ჩვენი მომხმარებლის რიცხვი ძირითადად მცირეა, თუმცა ძვირფასი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, გავაკეთოთ ერთი ათის მაგივრად, მაგრამ შევქმნათ ასის ფასი.

 

– რომელი ბრენდებია წარმოდგენილი საფარელში?

ჩვენ შოურუმში წარმოდგენილი გვაქვს Giorgetti – ავეჯის დიზაინისა და ესთეტიკის 20 საუკუნოვანი ისტორიის კონცენტრირება ბოლო ას წელიწადში. ყველასგან გამორჩეული სტილი, ტექნოლოგიები და ეკოლოგია. “Made in Italy”-ის ფილოსოფიას ისე არც ერთი ბრენდი არ ასახავს, როგორც  Giorgetti.

 

 

სამზარეულოს ავეჯი Arclinea, რომელიც შედის B&B ITALIA-ს ჯგუფში, რომლის მთავარი დიზაინერია Antonio Citterio. მისი დიზაინით შექმნილ სამზარეულოს ავეჯში საოცრადაა შერწყმული ესთეტიური, ტექნოლოგიური და ფუნქციური მხარეები, რის შედეგადაც გვაქვს  უმაღლესი დიზაინერული შედევრი.

 

 

De Castelli, ძალიან საინტერესო ბრენდია, როგორც მზა პროდუქტით, აგრეთვე იმ სპეციფიური მასალებით, რასაც ქვია ფერადი მეტალები. De Castelli  დიდ არჩევანს აძლევს არქიტექტორებსა და დიზაინერებს საკუთარი იდეით შექმნან ნივთები და განახორციელონ დიზაინერული პროექტები. ეს არის, ფაქტობრივად, ამოუწურავი შესაძლებლობის კომპანია.

 

 

ჩვენ შოურუმში  წარმოდგენილი გვაქვს მოსაპირკეთებელი მასალები, კერძოდ Nero Sicilia – ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული მასალით, ტექნოლოგიითა და დიზაინით, ვულკანური ქანისგან დამზადებული მომინანქრებული იატაკის და კედლის ფილები. გამოირჩევა უსაზღვრო სილამაზით, მრავალფეროვნებით და ფორმატის სიმრავლით.

 

 

აგრეთვე Mosaico Micro, რომელიც განსაკუთრებულად მცირე ფორმის მოზაიკაა და ის ქმნის ჰაერივით მსუბუქ ფერთა პალიტრას.

 

ხის იატაკი, კარები, ფასადის ხელნაკეთი აგური, რომელიც გამოირჩევა არასტანდარტული ფორმატითა და ფერით.

განსხვავებულად საინტერესოა ელექტრო ჩამრთველის ბრენდი Eclettis, რომელიც გამორჩეულია თავისი მინიმალისტური დიზაინით. კლასიკური და თანამედროვე სტილის აქსესუარეები, ხალიჩები, საფარდე სისტემები, განათებები და მრავალი სხვა.

 

 

– რამდენად მოთხოვნადია ეს ბრენდები ქართულ ბაზარზე და ზოგადად როგორია ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობა?

-ჩვენი ბაზრის პრობლემა, ეს იგივე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა. მოგეხსენებათ, ვართ პატარა ქვეყანა, არ მინდა პოლიტიკურ ჭრილში გამომივიდეს, მაგრამ ვერგანვითარებადი, სამწუხაროდ. კარგ პროდუქტს სჭირდება ძლიერი, შეძლებული მომხმარებელი, რაც ცოტაა ჩვენს საზოგადოებაში. შესაბამისად, მომხმარებელიც ცოტაა. ვფიქრობ, ჩვენს ბაზარზე ყველაზე მეტი პრობლემა არის საშუალო ფენის არარსებობა. აგრეთვე, არსებობს უფრო სერიოზული პრობლემა – გემოვნების საკითხი.  გაბატონებული ფრაზა, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, არის საშველი და გამართლება  უგემოვნო ადამიანებისა. გემოვნება ყოველთვის სადავო იყო, და ასე დარჩება მუდამ. ამისთვის სერიოზული მუშაობა და დიდი დროა საჭირო, დაწყებული უნივერსიტეტებიდან და ყველა იმ სასწავლებლიდან, რაც  ეხება ჩვენ სფეროს. სერიოზული დეფიციტია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური უფროსი თაობისა.  ხოლო ენერგიული ახალგაზრდა თაობა, სამწუხაროდ, ძირითადად, გადასულია “Copy Paste”  პრინციპზე. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეული ტრენაჟორია, რომელიც მოუწესრიგებლად ავითარებს ინტელექტუალურ სისტემას. ინფორმაცია არ არის განათლება, განათლება საფუძველია. ინფორმაცია შედეგია, რომლის საფუძველი არ ვიცით, საიდან მოდის. შედეგად, ჩვენს მცირერიცხოვან ბაზარზე ვღებულობთ ქაოტურ, მოუწესრიგებელ, ურეიტინგო მომსახურების სივრცეს, რაც პირდაპირ უარყოფითად აისახება მომხარებელზე. გასაგები ენით რომ ვთქვა, „ვინ რას ხატავს, ვინ რაში ცხოვრობს ჯერჯერობით დაულაგებელია.“ (ამაში დასარწმუნებლად მარტივი რამაა საჭირო: უბრალოდ გადახედეთ თბილისს.)

 

– თქვენ საკმაოდ კრიტიკულად აფასებთ ქართულ რეალობას. როგორ ფიქრობთ, სად არის ამ პრობლემის გასაღები? თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ?

ეს ძალზედ რთული კითხვაა. ამ პრობლემის გადაჭრა არ არის ვიწრო პროფესიული რაკურსიდან დანახვადი ამბავი, ეს უკვე დიდ საზოგადოებას ეხება, ეს გარკვეულწილად პოლიტიკაა, ეკონომიკა, საზოგადოების სოციალური მდგომარეობა. ამდენი ხმამაღალი რუპორის ქვეშ მყოფი საზოგადოების გათვალისწინებით, საიდანაც ყოველდღიურად სიყალბე, იაფფასიანი განათლება და ერთეულ ადამიანებზე მიმართული ლანძღვა-გინება ისმის, ძალიან რთულია ისაუბრო ინტელექტუალურ რეიტინგებზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი რამ – განათლება, განათლება, განათლება, განათლება და კვლავ განათლება.

– თქვენ ახსენეთ „აჯაფსანდალი“ ინტერიერის დიზაინის სფეროში. როგორც ამბობთ, ეს მოგონილი ტერმინები, როგორიცა „ეკლექტიკა“, „ლოფტი“ და ა.შ., უბრალოდ „საქმის გამარტივებაა“, ერთგვარი ხერხია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის საკომუნიკაციოდ. მაშინ სინამდვილეში რა ხდება? რასთან გვაქვს საქმე?

აქ ყველაზე დიდი პრობლემა თავისუფლებაა. ჩვენ, ქართველები, მგონია, იმდენად დიდი არტისტები ვართ, რომ აღმოვჩნდით სცენაზე, საიდანაც გასვლა ძალიან გვიჭირს. სულ ვთამაშობთ, ვხვეწავთ ჩვენს როლებს, ვიხარჯებით მაქსიმალურად, მაგრამ გვავიწყდება, რომ სცენაზე ვართ, გვავიწყდება, რომ სცენის მიღმა არსებობს სივრცე, რასაც თავისუფლება ჰქვია, სადაც არასდროს არ დაგვავალდებულებენ, მაინც და მაინც წითელი ან შავი ლაქის წასმას ფრჩხილზე. სივრცე, სადაც შავ-თეთრიც არსებობს, სივრცე, სადაც სრულ სიბნელეშიც კი შეიძლება ხედავდე ყველაფერს, გრძნობდე ყველას და ა.შ. თითქოს ეს თავისუფლება ჩვენგან პარალელურად, თან იმავე სიჩქარით მოგვდევს, მაგრამ ვერასდროს გადავკვეთეთ, ვერ ვეზიარეთ იმ რეალობას, სადაც ეს სულელური ტერმინები კი არ იქნება მნიშვნელოვანი, არამედ სივრცე, სადაც ტყუილი არ იარსებებს.

 

 

– როგორც აღნიშნეთ, იმ დროს, როდესაც თქვენ გახდით მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შემომტანი, საქართველოში მათ შესახებ, ფაქტობრივად, არავითარი ცოდნა არ არსებობდა. როგორ გარისკეთ? როგორ იარსება კომპანიამ მთელი 20 წელი? საინტერესოა, რა იყო თქვენი მთავარი სტიმული ამ დროს? არასდროს გიფიქრიათ ამ ყველაფრისთვის თავის დანებება?

რისკი – ეს პირობითი სიტყვაა და მე ასე არ დავარქმევდი ცხოვრების იმ ნაბიჯს, რასაც ჩვენ რისკს ვეძახით. ეს უბრალოდ ყოველთვის ხვალინდელი დღეა და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ისიც ტყუილია, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. მე, მაგალითად, შამპანურს არ ვსვამ, იმიტომ, რომ უბრალოდ არ მიყვარს. სამაგიეროდ, ხშირად ვსვამ „სასიკაია-ს“, რომელსაც სულაც არ აქვს გაზი. დღესაც კი, ყოველი ახალი პროექტის დაწყებისას, წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა დავხატო, ეს ხომ წესით რისკია. გასაგებია, დავალებას აქვს თანმიმდევრობა და გარკევული წესრიგი, მაგრამ ჩემთვის ეს წესრიგი არ არსებობს, რაც ყველა რისკისგან მე მათავისუფლებს.

ძალიან ხშირად მაქვს საქმიანობის შეცვლის განწყობა. ოდესღაც სამედიცინოზე ვსწავლობდი, მაქვს სამხატვრო აკადემიის დიპლომი, იყო დრო, როდესაც ასობით ტონა სპირტს ვყიდდი, ეშელონებით ნავთობს ვეზიდებოდი, ვაშენებდი კორპუსებს, გაშენებული მაქვს ჰექტრობით საფერავი, მინდოდა სახაჭაპურის გახსნა თავად რომ მემუშავა შიგნით, რაც ვერ მოვახერხე. ამ ეტაპზე ძალიან მინდა ჰერმაკულტურის სწავლა, ნატურალური მეურნეობის გაშენება და ა.შ.

 

– საფარელი წარმოადგენს არქიტექტურულ სტუდიასაც – როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა სახელწერო სტილი და როგორია ის?

არქიტექტურული სტუდია უკვე 25 წელია მაქვს, აქედან რამდენიმე წელი ლონდონში ვმოღვაწეობდი, სადაც  მაქვს იგივე ბიზნესი, რაც საქართველოში – ანუ არქიტექტურული სტუდია და შოურუმი. ვმუშაობ ძირითადად კერძო სექტორზე.

რაც შეეხება ხელწერას, ბოლო ასზე მეტი წლის განმავლობაში და 8 მილიარდამდე მოსახლეობის ფონზე, 50 არქიტექტორზე მეტს არ ჰქონია და არ აქვს ინდივიდუალური ხელწერა და განსხვავებული ფილოსოფია. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მე ზოგადად დავარქმევდი ‘’გადარჩენის’’ სტილს. თვალს ვადევნებ სისტემატურად ჩემს კოლეგებს და ჯერჯერობით გამოკვეთილი სტილისტიკით მიჭირს ვინმეს გამოყოფა და ამაზე ხშირად ვფიქრობ, რატოა ეს ასე. მარტივად რომ ვთქვათ, ნამდვილად გადარჩენის არქიტექტურაა, რასაც ჩვენ ყველა ვაკეთებთ. იყო შენი ინდივიდუალური ხელწერით და გამორჩეული ყველასგან – ეს მხოლოდ ღმერთის საჩუქარია, ამას არც განათლება და არც გამოცდილება შველის.

– საიდან მოდის იდეა კონცეფციაზე მუშაობის დროს?

იდეას მისამართი არ აქვს, ეს კოსმოსია.

– როგორია თქვენი მუშაობის სტილი? 

ჩემთვის კანონზომიერება ციხეა, მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ოროსანი. არ მომწონს მოწესრიგებული, ხუთოსანი საზოგადოება.

 

– რა ეტაპზეა დღეს საფარელი და როგორი სამომავლო გეგმები აქვს მას?

კომპანია და მე თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, ხვალ შესაძლოა ეკოლოგიურად სუფთა ვაზი და მიწის სახლები ვაშენო.