Loading...

FACES&NAMES 2018

ინტერვიუ ,,ბიზნეს სახელები 2018“-დან

"არქიტექტურა მომავლიდან"

"80–იანების ბოლო, ბულგარეთი, ვარნა... გამოფენაზე უცხოელი ხელოვანი საზოგადოების ყურადღებას უჩვეულო პერფორმანსით იპყრობს: საგამოფენო დარბაზში ფაეტონით „დედიშობილა“ ცხადდება და დამთვალიერებელს დასამახსოვრებელ წარმოდგენას უწყობს. ახალგაზრდა მხატვარი ქართველია – ზურაბ საფარელი, რომელიც მის ქვეყანაში გამეფებულ რეჟიმს უკიდურესი ფორმით აპროტესტებს. თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდა უსამართლობის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით კიდევ არაერთხელ გაიბრძოლებს...

ინტერვიუს პროფესიაზე საუბრით ვიწყებთ: საკუთარ საქმიანობაზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მომავალში შეიძლება ხაჭაპურის მცხობელიც კი გავხდეო, ამბობს. ვხდები, რომ გამორიცხული არ არის, დღევანდელს ხვალ რადიკალურად განსხვავებული ამპლუა არჩიოს. ცვალებად ხასიათს და მუდმივად ახლის ძიების სურვილს ხან სად მიჰყავს, ხანაც - სად. დადგენილი წესებით ცხოვრებას არ სცნობს, ერთსა და იმავე საქმეს დიდხანს ვერ „უძლებს“, მალე სწყინდება. სისტემურობა და დოგმები მისთვის უცხოა... პროტესტი პატარაობიდან ჰქონდა, სკოლასა და შემდეგ უნივერსიტეტში დადგენილ წესებსა და კანონებს თვითგანვითარებით ებრძოდა...

წლების წინ სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ფიქრობდა, მაგრამ ოჯახის რეკომენდაციამ სამედიცინო უნივერსიტეტამდე მიიყვანა. პერსპექტიულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ნიჭს არ უჩიოდა, თუმცა სტუდენტობამ ერთ წელს გასტანა. მალევე მიხვდა, რომ „სხვაგან“ მოხვდა. სწავლას უკლო, გაცდენებმაც იმატა და მალევე უნივერსიტეტსაც დაემშვიდობა - შეუმდგარ ექიმობას თავი დააღწია. სამხედრო სამსახური მოიხადა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში აღმოჩნდა: ცხოვრების გამრავალფეროვნება გამოყენებითი ხელოვნების შესწავლით სცადა. პერპექტიულ ახალგაზრდას აქაც საინტერესო მომავალს უწინასწრმეტყველებდნენ, თუმცა თვითმყოფადმა და ჯიუტმა ხასიათმა თავი კვლავ იჩინა: ამჯერადაც თვითგანვითარებამ „უშველა“ - ავანგარდისტულმა მხატვრობამ, კონცეპტუალურმა ხელოვნებამ გაიტაცა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სახელოვნებო სფეროში შექმნილმა ურთიერთობებმა იმ მომავლისკენ უბიძგა, რომელმაც ჩაკეტილ წრეში საბჭოთა კავშირის რკინის ფარდის მიღმა გზა გაუკვალა. იღბლიანია, სწორედ იმ პერიოდში ისეთ ფესტივალებსა და გამოფენებზე ხვდებოდა, ქართველი ხელოვანები ვერც რომ იოცნებებდნენ. მხატვართა პირველი საერთაშორისო ბიენალეც საქართველოში მან მოაწყო 1988 წელს, საპასუხოდ უცხოეთში მიიწვიეს. ევროპაში კოლეგებთან ერთად არაერთი საინტერესო ღონისძიების და გამოფენის მოთავე გახდა. მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში გამოიფინა. სკანდინავიის ქვეყნებში გატარებულმა პერიოდმა, იქაური კულტურის შემეცნებამ, ცხოვრებას სხვა ფერი შესძინა და მის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გაიარა წლებმა და მოსკოვში აღმოჩნდა. ოჯახი რომ ერჩინა, ხელი ბიზნესს მიჰყო. უამრავი მიმართულებით სცადა ბედი, საბოლოოდ კი ბედნიერმა შემთხვევამ საკუთარი თავი აპოვნინა. არქიტექტურა და დიზიანი მისი საქმიანობის სფერო მას შემდეგ გახდა, რაც სიძემ საკუთარი სახლის გარემონტება გადაწყვიტა და მასალების შესარჩევად დახმარება სთხოვა. საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოულოდნელად იდეა გაჩნდა: რატომ არ უნდა შეექმნათ სტუდია, სადაც მსგავს სერვისს შესთავაზებდნენ დამკვეთს? დაბრუნდა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში პირველი ევროპული, თანამედროვე ტიპის არქიტექტურული ბიურო შექმნეს.

ზურაბ საფარელი: „საბა და კომპანია“ პიონერი იყო სფეროში. პირველი პერიოდი რთული იყო, 1996 წელი იდგა. გვიწევდა მტკიცება, რომ რასაც ვთავაზობდით, საუკეთესო იყო. სჯობდა, უხარისხო მასალის ნაცვლად, არჩევანი ტოპ ბრენდებზე შეეჩერებინათ. თავდაპირველად ვერ ხვდებოდნენ, რაზე ვსაუბრობდით და რატომ ვუთმობდით „წვრილმანებს“ ამდენ დროს. ნელ–ნელა სიტუაცია შეიცვალა, ერთ კმაყოფილ დამკვეთს სხვა მოჰყვა...“

საქმე წინ მიდიოდა, ვითარდებოდა, თუმცა მოუწია აწყობილ–დალაგებული საქმის მიტოვება და ინგლისში გადაბარგება: მოიპოვა ცნობილი კომპანია „GIORGETTI“–ის ნდობა და ლონდონში, პრესტიჟულ უბანში მისი მონო ბრენდი გააკეთა. წარმატება მალევე მოიპოვა, მაგრამ ისევ ხასიათმა სძლია, ჩარჩოებში ცხოვრებას კვლავ ვერ გაუძლო და სამშობლოში დაბრუნდა. მას შემდეგ აქ არის და ძალებს „SAPHARELI“–ის განვითარებას ახმარს. დაარსების დღიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ არქიტექტურულ მომსახურებას, ასევე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციას.

1998 წელს დააპროექტა სივრცე, რომელიც დღესაც აქტუალურია თავისი არქიტექტურული ღირებულებით. საკუთარი სახლი შოურუმით საერთაშორისო გამოხმაურებების საბაბი გახდა და არაერთი კონკურსი მოიარა. საქმის ექსპერტებმა ის ფუტურისტულ არქიტექტურას შეადარეს. „თუ ლამაზად და კარგად ცხოვრობ, მისი ნახვით, ისე, როგორც ნახატით, დაე, ყველამ ისიამოვნოს“ - ამ აზროვნებით შექმნა სახლში გახსნილი სივრცეები, სადაც აბაზანასაც კი ეზოსა და დანარჩენი ოთახებისგან გამჭვირვალე, შუშის კედლები ჰყოფს. მის წინ 12 სართულიანი უსახური კორპუსია აღმართული. მომავლის ნაგებობა საკუთარი ოჯახისთვის შექმნა. სურვილების სრულად რეალიზებაში ხელი არავის შეუშლია, სივრცის სრულყოფაში თავისუფალი იყო, ბოლომდე დაიხარჯა, ამიტომაც ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით უყვარს. საერთოდ კი მათი გამორჩევა არ სჩვევია: ამბობს, რომ ყველა საქმეს ერთნაირი სიზუსტით და მონდომებით უდგება, დამკვეთს ხშირად არჩევანის გაკეთებაშიც ეხმარება და სწორ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.

ზურაბ საფარელი: „ბევრი ნამუშევარი არ მაქვს, არ მიყვარს „პროდუქციის ბეჭდვა“. მირჩევნია, ერთს დავუთმო მეტი დრო, პატარ–პატარა ნიუანსებს ჩავუღრმავდე და მასზე ვიმუშაო. მაგალითად, ერთ–ერთ დამკვეთს ქოლგების კონკრეტულ ჩასადებზე კარგა ხანს „ვაბამდი“. ობიექტს სწორედ ამ წერტილიდან ვხედავდი, სანამ სრულყოფილების განცდა არ დავიკმაყოფილე და არ შევავსე დანაკლისი, ვერ მოვისვენე. ესთეტიკური მხარე, წესრიგი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. საქმეს ვიწყებ დალაგებით, ყველაფერი კონცეპტუალურად უნდა დალაგდეს“.

ზურაბ საფარელის საქმე ოჯახურია. აქაც გაუმართლა - ყველა მის „სიგიჟეს“ მხარს მეუღლე ირმა ბურდული უბამს. ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის ყველაფერში აქვს. ისინი ერთობლივი ძალებით ქმნიან „SAPHARELI“-ს მომავალს... "